გუბერნატორმა „პრიგოჟინის ამბოხების" დღეს დაღუპული 2 მფრინავის ვინაობა დაასახელა

დასავლეთის მიერ ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ მიერ რუსეთის არმიის ვერტმფრენის ჩამოგდებისას დაღუპული 2 სამხედროს ვინაობა დაასახელეს.

ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ წერს. რუსეთის ფსკოვის ოლქის გუბერნატორმა ტელეგრამით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ დაღუპულ „გმირ მფრინავებს“ შორის არიან ფსკოვის გარნიზონის სამხედროები, ვერტმფრენ კა-52-ის ეკიპაჟის წევრები, ალექსეი ვოროჟცოვი და დენის ოლეინიკოვი.


ცნობილია „პრიგოჟინის ამბოხების“ დროს დაღუპული კიდევ ერთი რუსი მფრინავის ვინაობა.

24 წლის კირილ ბაბაევის მამამ, ანდრეი ბაბაევმა გამოცემა „ასტრას“ განუცხადა, რომ შვილის ცხედრის ამოსაცნობად არ ყოფილა, რადგან განუცხადეს, რომ ამოსაცნობი არაფერია. რაც შეეხება „ვაგნერელების“ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის დახურვას, ბაბაევი ამბობს, რომ „თუ საქმის დახურვის სიტყვა პრეზიდენტმა მისცა, ეს სამართლიანია“.

გავრცელებული ცნობებით, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, 24 ივნისს, „ამბოხების“ დღეს, რუსეთის არმიამ 13 მფრინავი, 6 ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი დაკარგა.


შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“.


23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებოდნენ. 

ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს.

„დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“, - განაცხადა პრიგოჟინმა.


ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება.

ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. 26 ივნისს, პრიგოჟინმა 11-წუთიანი ვიდეომიმართვა გაავრცელა, თუმცა არ გაუმხელია, სად არის ჩაწერილი ეს მიმართვა.

ამავე საღამოს სატელევიზიო გამოსვლაში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ „ვაგნერელებს“ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ინტეგრირება ან ბელორუსში წასვლა შეუძლიათ. 27 ივნისს, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პრიგოჟინი ბელორუსშია. რუსეთში, შეიარაღებული ამბოხებების ფაქტზე აღძრული საქმე დახურულად გამოაცხადეს. პუტინმა აღიარა, რომ „ვაგნერს“ სახელმწიფო აფინანსებდა.


დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და „პრიგოჟინის ამბოხს“ უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში.

ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა.


ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. 

ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში.

უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ.

2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა.

„დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.